საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ქვეყანაში საქონლით საგარეო ვაჭრობის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16.8%-ით გაიზარდა და $14 მილიარდს გადააჭარბა.

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაზრდილია როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის მაჩვენებლები. სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტის წილი $4.08 მილიარდს, ხოლო იმპორტი – $9.93 მილიარდს გაუტოლდა. შედეგად, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ექსპორტის ზრდამ 14.4%, ხოლო იმპორტის ზრდამ – 17.8% შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის პირველ რვა თვეში, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა $5.8 მილიარდს გადააჭარბა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.7%-ია.

2023 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.7% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი ($1.944 მლრდ),  რუსეთი ($1.686 მლრდ) და აშშ ($1.240 მლრდ).

საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფებიდან პირველ ადგილზეა ელექტროენერგია ($84,782), შემდეგ მოდის ტრიკოტაჟის ნაწარმი ($42,993). რაც შეეხება საქართველოში თურქეთიდან იმპორტირებულ უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფებს, ამ შემთხვევაში, პირველ-მეორე ადგილებზე დაფასოებული სამკურნალო საშუალებები ($92,650) და მსუბუქი ავტომობილები ($71,409) მოდის.

რუსეთის შემთხვევაში, საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფებია ყურძნის ნატურალური ღვინოები ($112,112) და მსუბუქი ავტომობილები ($66,642), ხოლო რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფებია ნავთობი და ნავთობპროდუქტები ($435,049), ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები ($96,360).

რაც შეეხება საქართველოს მესამე უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში აშშ-ში ექსპორტირებული სასაქონლო ჯგუფებიდან უმსხვილესი ფეროშენადნობები ($30,765) იყო, მეორე ადგილზე კი ყურძნის ნატურალური ღვინოები ($3,464). ხოლო ამავე პერიოდში, აშშ-დან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი $1.117 მილიარდით მსუბუქი ავტომობილები გახდა.

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები 2023 წლის იანვარ-აგვისტოში:


  1. თურქეთი - $1.943 მლრდ - 13.9%

  2. რუსეთი - $1.686 მლრდ - 12.0%

  3. აშშ - $1.239 მლრდ - 8.9%

  4. ჩინეთი - $1.096 მლრდ - 7.8%

  5. აზერბაიჯანი - $979 მლნ -7%

  6. სომხეთი - $811 მლნ - 5.8%

  7. გერმანია - $641 მლნ - 4.6%

  8. ყაზახეთი - $446 მლნ - 3.2%

  9. ყირგიზეთი - $416 მლნ - 3%

  10. იაპონია - $356 მლნ - 2.5%