Amnesty International-ის მონაცემებით, სასიკვდილო განაჩენების რაოდენობა უკანასკნელი ხუთი წლის რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა. ადამიანთა უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, 2022 წელს სიკვდილის დასჯის შემთხვევები წინა წელთან შედარებით 53%-ით გაიზარდა. ჯამში, გასულ წელს მსოფლიოს ცხრამეტ ქვეყანაში სიკვდილით 883 ადამიანი დასაჯეს.
თუმცა სიკვდილით დასჯის შემთხვევების ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, რადგან Amnesty International-ის ანგარიში არ მოიცავს ჩინეთს, სადაც სიკვდილით დასჯის შესახებ მონაცემები სახელმწიფო საიდუმლოებადაა მიჩნეული. მიუხედავად ამისა, საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, ჩინეთში სასიკვდილო განაჩენი ათასობით ადამიანისთვის იქნა გამოტანილი. სახელმწიფოთა შემზღუდველი პოლიტიკიდან გამომდინარე რთულია აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის შემთხვევების ზუსტი აღრიცხვაც.
ჩინეთის გარეთ, მსოფლიოში სიკვდილით დასჯის ცნობილი შემთხვევების 90% სამ ქვეყანაზე მოდის, ესენია: ირანი, საუდის არაბეთი და ეგვიპტე. ირანში სიკვდილით დასჯა, 2021 წლის 314 შემთხვევიდან, 2022 წელს 576 შემთხვევამდე გაიზარდა. აღნიშნული მაჩვენებელი, 196 შემთხვევამდე გასამმაგდა საუდის არაბეთში, ხოლო ეგვიპტეში პირიქით, 2021 წლის 83-დან 24 ადამიანამდე შემცირდა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს სიკვდილით ცამეტი ქალი დასაჯეს, თორმეტი მათგანი ირანში, ხოლო ერთი - საუდის არაბეთში.
ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემით, გასულ წელს, სიკვდილით დასჯის ცნობილი შემთხვევებიდან 40% ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულზე მოდიოდა. Amnesty International-ის მიერ აღრიცხულ სულ მცირე ოთხ ქვეყანაში, მათ შორის ჩინეთში, საუდის არაბეთში, ირანსა და სინგაპურში, ნარკოტიკული დანაშაულისთვის ჯამში 325 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით.
სიკვდილით დასჯა ყველა ტიპის დანაშაულისთვის, 2022 წელს ოთხ ქვეყანაში: ყაზახეთში, პაპუა-გვინეაში, სიერა-ლეონესა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაუქმდა. მიუხედავად ამისა, გასულ წელს სიკვდილით დასჯის გამოყენება განახლდა ხუთ ქვეყანაში: ავღანეთში, ქუვეითში, მიანმარში, პალესტინის ტერიტორიებსა და სინგაპურში.
შედეგად, Amnesty International-ის მონაცემებით, იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც სიკვდილით დასჯა გაუქმებულია, 112-მდე გაიზარდა. დამატებით ცხრა ქვეყანაში სიკვდილით დასჯა გაუქმებულია დანაშაულებისთვის, რომლებიც არ ჩადენილა ომის დროს, ათ ქვეყანაში კი სასჯელის უმაღლესი ფორმა კვლავ შენარჩუნებულია, თუმცა უკანასკნელი ათწლეულია, არ აღსრულებულა.
Amnesty International-ის მიერ აღრიცხულ ქვეყნებში გასულ წელს სიკვდილით დასჯის შემთხვევები შემდგომ სახელმწიფოებში დაფიქსირდა:
- ჩინეთი - 1,000+ ადამიანი,
- ირანი - 576+ ადამიანი
- საუდის არაბეთი - 196 ადამიანი
- ეგვიპტე - 24 ადამიანი
- ამერიკის შეერთებული შტატები - 18 ადამიანი
- ერაყი - 11+ ადამიანი
- სინგაპური - 11 ადამიანი
- ქუვეითი - 7 ადამიანი
- სომალი - 6+ ადამიანი
- სამხრეთი სუდანი - 5+ ადამიანი
- პალესტინა - 5 ადამიანი
- იემენი - 4+ ადამიანი
- ბანგლადეში - 4 ადამიანი
- მიანმარი - 4 ადამიანი
- ბელარუსი - 1 ადამიანი
- იაპონია - 1 ადამიანი
- ავღანეთი, ჩრდილოეთი კორეა, სირია, ვიეტნამი
