საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ქვეყანაში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 0.6%-ით გაიზარდა, თუმცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.3%-ით შემცირდა.

აგვისტოსთან შედარებით სექტემბერში ინდექსის მატებაზე გავლენა შემდეგ ჯგუფებში ფასების ცვლილებამ იქონია: სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება - ფასები გაიზარდა 0.5%-ით; დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია - ფასები ასევე 0.5%-ით გაიზარდა; ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი - ამ შემთხვევაში კი ფასების 0.9%-იანი მატება დაფიქსირდა.

რაც შეეხება ერთწლიან ჭრილში ინდექსის კლებას, მის ფორმირებაზე ფასების შემდეგ ჯგუფებში ცვლილებამ იქონია გავლენა: სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება - ფასები გაიზარდა 2.9%-ით; დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია - ფასები შემცირდა 4%-ით; ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი - ამ შემთხვევაში ფასების 1.4%-იანი კლება დაფიქსირდა; წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით - დასახელებულ ჯგუფში ფასების კლებამ 2.3% შეადგინა.