1916 წლის 29 სექტემბერს მსოფლიოს პირველი მილიარდერი შეემატა. Standard Oil-ის აქციების ღირებულების ზრდის გავლენით, კომპანიის უმსხვილესი აქციონერის ჯონ როკფელერის ქონების ღირებულება $1-მილიარდიან ნიშნულს გაუტოლდა. ამის შემდეგ საუკუნეზე მეტი გავიდა. ამჟამად, Forbes-ის მონაცემებით, მსოფლიოს 2,781 მილიარდერი ჰყავს - მაგრამ კვლავ არც ერთი ტრილიონერი.

Informa Connect Academy-ის ახალი ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოს პირველი ტრილიონერი ილონ მასკი იქნება. ანგარიში პროგნოზებს ინდივიდის სიმდიდრის საშუალო წლიურ ზრდაზე დაყრდნობით აკეთებს. ამჟამად Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია. Forbes-ის რეიტინგით, მასკის ქონების წმინდა ღირებულება $252.5 მილიარდს უტოლდება. Connect Academy-ის პროგნოზით, იმ შემთხვევაში, თუ მასკის ქონება განაგრძობს ზრდას საშუალო წლიური 110%-ით, Tesla-ს დამფუძნებელი ტრილიონერი 2027 წლისთვის გახდება.

იმავე ანგარიშის თანახმად, მსოფლიოს მეორე ტრილიონერი Adani Group-ის კონგლომერატის დამფუძნებელი, ინდოელი მილიარდერი გაუტამ ადანი იქნება. ადანის ქონება ამჟამად $80.5 მილიარდს უტოლდება და ის Forbes-ის რეიტინგში 21-ე პოზიციაზეა. Connect Academy-ის პროგნოზით, თუ ადანის ქონების საშუალო წლიური ზრდა 123%-ზე შენარჩუნდება, ინდოელი მილიარდერის ქონება ტრილიონიან ღირებულებას სავარაუდოდ 2028 წლისთვის მიღწევს.

Connect Academy-ის ვარაუდით, მსოფლიოს მესამე ტრილიონერი Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორი იენსენ ჰუანგი იქნება. ჰუანგის ქონების წმინდა ღირებულება უკანასკნელ 5 წელიწადში $3 მილიარდიდან $100 მილიარდამდე გაიზარდა. ამჟამად ჰუანგი Forbes-ის უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში $104.2 მილიარდით მე-14 ადგილზეა, Connect Academy-ის თანახმად კი, ტრილიონერი 2028 წლისთვის გახდება. ამისთვის, ჰუანგის ქონების საშუალო წლიურმა ზრდამ 112% უნდა შეადგინოს.

ანგარიშის თანახმად, ტრილიონერის სტატუსს ჰუანგის შემდეგ Barito Pacific-ის დამფუძნებელი პრაჯოგო პანგესტუ მოიპოვებს. ინდონეზიელი მილიარდერი ამჟამად Forbes-ის რეიტინგის 22-ე პოზიციაზეა და $78.9 მილიარდს ფლობს. მსოფლიოს მეხუთე ტრილიონერი კი LVMH-ის თავმჯდომარე ბერნარ არნო იქნება - ამჟამად მეხუთე უმდიდრესი ადამიანი, $170.4-მილიარდიანი ქონებით. ანგარიშის ავტორის ვარაუდით, ფრანგი ბიზნესმენი ტრილიონერის სტატუსს 2030 წლისთვის, Meta-ს აღმასრულებელ დირექტორ მარკ ცუკერბერგთან ერთად მოიპოვებს. ცნობისთვის, ცუკერბერგის ქონება ამჟამად $182 მილიარდს უტოლდება.

Informa Connect Academy-ის ანგარით, 10 ადამიანი, რომელთა ქონებაც, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში ტრილიონს მიაღწევს, ასე გამოიყურება:






































































ქონება სავარაუდო თარიღი წლიური ზრდა
ილონ მასკი $252.5 მილიარდი 2027 110%
გაუტამ ადანი $80.5 მილიარდი 2028 123%
იენსენ ჰუანგი $104.2 მილიარდი 2028 112%
პრაჯოგო პანგესტუ $78.9 მილიარდი 2028 136%
ბერნარ არნო $170.4 მილიარდი 2030 29%
მარკ ცუკერბერგი $182 მილიარდი 2030 36%
ფილ ნაითი $35.3 მილიარდი 2030 8%
მუკეშ ამბანი $115 მილიარდი 2033 28%
მიშელ დელი $100.4 მილიარდი 2033 31%
სტივ ბალმერი $124.7 მილიარდი 2034 26%