ქართულმა ლარმა დოლარის მიმართ მკვეთრი გაუფასურება 2014 წელს დაიწყო. მაშინ ერთი დოლარის ღირებულება საშუალოდ 1.7 ლარს შეადგენდა. ამავე პერიოდში დოლარის მიმართ შესუსტდნენ რეგიონის სხვადასხვა ქვეყნების ვალუტებიც. ბოლო 5 წლის პერიოდში, ყველაზე მეტად დოალრის მიმართ თურქული ლირა გაუფასურდა. მხოლოდ 2018 წელს თურქული ლირა დოლარის მიმართ 40%-ზე მეტად გაუფასურდა. ამ მაჩვენებლით კი ლირა გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ვალუტა გახდა აშშ დოლარის მიმართ. 

საკუთარი ღირებულების 16%-ზე მეტი დაკარგა გასულ წელს რუსულმა რუბლმა. 2014 წლის შემდეგ კი ის დოლარის მიმართ 45%-ზე მეტად გაუფასურდა.

გასულ წელს 11%-ზე მეტად გაუფასურდა ყაზახური ტენგე, რაც მსოფლიოს სხვა ვალუტებთან შედარებით, ასევე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კი ტენგემ დოლარის მიმართ ღირებულების 52%-ზე მეტი დაკარგა. 

რეგიონის ვალუტებს შორის, 2014-2018 წლების პერიოდში, დოლარის მიმართ ყველაზე "ძლიერი" სომხური დრამი აღმოჩნდა, რომელიც ჯამში 16%-ით გაუფასურდა. 

2014 წლის 30 აგვისტოდან 2019 წლის 30 იანვრამდე პერიოდში რეგიონის ვალუტები დოლარის მიმართ შემდეგნაირად გაუფასურდნენ: 

  • სომხური დრამი - 16.4% 
  • მოლდოვური ლეი - 18.7% 
  • ქართული ლარი - 34.7% 
  • რუსული რუბლი - 45.3% 
  • ბელარუსული რუბლი - 52% 
  • ყაზახური ტენგე - 52.1% 
  • აზერბაიჯანული მანათი - 53.9% 
  • უკრაინული გრინვა - 55.5%
  • თურქული ლირა - 59.2%