ვენესუელა ნავთობის მარაგებით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. მიუხედავად ამისა, მისი როლი გლობალურ ენერგობაზრებზე ბოლო წლების განმავლობაში ისეთივე მნიშვნელოვანი არ არის, როგორიც ათწლეულების წინ იყო.

მაშინ როდესაც აშშ, საუდის არაბეთი და სხვა ქვეყნები ნავთობმოპოვებით მოწინავე სახელმწიფოები არიან, ვენესუელაში მოპოვება ბოლო ათწლეულების განმავლობაში თანდათან მცირდებოდა. სტატიაში წარმოგიდგენთ ნავთობის ყველაზე დიდი მარაგების მქონე სახელმწიფოების რეიტინგს და მათ შედარებას ვენესუელის რესურსებთან. მონაცემები აღებულია „ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის“ (OPEC) 2025 წლის ანგარიშიდან.

როგორც აღვნიშნეთ, ნავთობის ყველაზე დიდი მარაგი სამხრეთამერიკულ სახელმწიფოს აქვს. ვენესუელის მარაგები 2024 წლის მონაცემებით 303,221 მილიარდ ბარელს შეადგენდა, რაც გლობალური მარაგების 17%-ს წარმოადგენს. ვენესუელის ნავთობმარაგების უმეტესობა „ორინოკოს სარტყელშია“ კონცენტრირებული, რომელიც მდინარე ორინოკოს აუზსა და დელტას, ასევე ატლანტის ოკეანის სანაპირო ზოლს აერთიანებს. აქ წარმოდგენილი ტიპის ნავთობი შედარებით მძიმეა, მისი მოპოვება კი უფრო ძვირი ჯდება და განსაკუთრებულ ინფრასტრუქტურას მოითხოვს.

საინტერესოა, რომ მიუხედავად ყველაზე დიდი ნავთობმარაგებისა, 2024 წლის ნავთობის მოპოვების რეიტინგში ვენესუელას მხოლოდ 21-ე ადგილი ეკავა. 2024-ში ქვეყანა ყოველდღიურად 960,000 ბარელ ნავთობს აწარმოებდა.

ნავთობის მოპოვება ვენესუელაში პიკში 1970-იან წლებში იყო, როდესაც ქვეყანა ყოველდღიურად 3.5 მილიონ ბარელს მოიპოვებდა, რაც გლობალური გამომუშავების 7%-ს შეადგენდა. მოპოვება 2010-იან წლებში დაეცა და შარშან საშუალოდ დღიურად 1.1 მილიონი ბარელი შეადგინა, რაც გლობალური გამომუშავების დაახლოებით 1%-ს  წარმოადგენს.

მოპოვების შემცირებას სხვადასხვა - პოლიტიკური, ეკონომიკური, ფინანსური და ტექნიკური - მიზეზი აქვს. ათწლეულების განმავლობაში ინდუსტრიის შეუსაბამოდ მართვამ, კორუფციის მაღალმა დონემ, ინვესტიციების ნაკლებობამ და საერთაშორისო სანქციებმა ვენესუელის ნავთობინდუსტრია თითქმის სრულად გაანადგურა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში დასავლური ნავთობკომპანიები, მაგალითად, Chevron-ი, კვლავ ოპერირებენ, სანქციების გაფართოებასთან ერთად მათი დატვირთვაც სულ უფრო შემცირდა.

თუმცა ვენესუელა კვლავ ფლობს ნავთობის უდიდეს მარაგებს, შესაბამისად, სწორი მენეჯმენტისა და ინვესტიციების, დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის შემთხვევაში, ამ რესურსების გამოყენება ეფექტიანად შეიძლება.

ცნობისათვის, ვენესუელა ირანთან, ერაყთან, ქუვეითთან და საუდის არაბეთთან ერთად OPEC-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანაა. მიუხედავად ამისა, ზემოთ აღნიშნული მიზეზების გამო მისი გავლენა ორგანიზაციაში ამჟამად უმნიშვნელოა.



























































































































































































































რეიტინგი ქვეყანა 2024 (მილიარდი ბარელი)
1 ვენესუელა 303,221
2 საუდის არაბეთი 267,200
3 ირანი 208,600
4 კანადა 163,000
5 ერაყი 145,019
6 არაბთა გაერთიანებული საამიროები 113,000
7 ქუვეითი 101,500
8 რუსეთი 80,000
9 ლიბია 48,363
10 აშშ 45,014
11 ნიგერია 37,280
12 ყაზახეთი 30,000
13 ჩინეთი 28,182
14 კატარი 25,244
15 ბრაზილია 15,894
16 ალჟირი 12,200
17 ეკვადორი 8,273
18 აზერბაიჯანი 7,000
19 ნორვეგია 6,912
20 მექსიკა 5,136
21 სუდანი 5,000
22 ინდოეთი 4,981
23 ომანი 4,971
24 ვიეტნამი 4,400
25 ეგვიპტე 3,300
26 არგენტინა 2,999
27 მალაიზია 2,700
28 ანგოლა 2,550
29 ინდონეზია 2,410
30 კოლუმბია 2,019
31 გაბონი 2,000
32 კონგო 1,811
33 ავსტრალია 1,803
34 გაერთიანებული სამეფო 1,500
35 ბრუნეი 1,100
36 ეკვატორული გვინეა 1,100
37 თურქმენეთი 600
38 უზბეკეთი 594
39 უკრაინა 395
40 დანია 365
41 ბელარუსი 198
42 ჩილე 150