„რუსეთს არ უნდა შეექმნას ილუზია, რომ არ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს. თუ არ გამოვიყენებთ, მაშინ შემდგომშიც ასე უტიფრად, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ყოველთვის უაპელაციოდ გადაწყვეტს იმას, რასაც უნდა და დაგვიწესებს ნებისმიერ სანქციებს. ახლა არის პარადოქსული ვითარება, მთელი მსოფლიო უწესებს სანქციებს რუსეთს, რუსეთი გვიწესებს სანქციებს ჩვენ და თანაც გვაშანტაჟებს, რაც გამოწვეულია იქიდან, რომ ჩვენ ჯეროვნად ვერ ვაფასებთ ჩვენივე შესაძლებლობებს, ანუ არ ვიყენებთ ბერკეტებს, რომლებიც გვაქვს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში. კიდევ არის ერთი შესაძლებლობა, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ - სანქციები რუსული კომპანიების საწინააღმდეგოდ, რომლებიც ოპერირებენ საქართველოს ბაზარზე და ყველაზე მარტივია ამ შემთხვევაში, ლუკ ოილის წინააღმდეგ დაწესებული შესაძლო სანქციები. ამ კომპანიას ბაზრის 10-15 % უკავია, არ ვართ დამოკიდებული ამ კომპანიის სერვისებზე, მაგრამ, მეორე მხრივ, ლუკ ოილს აქვს ძალიან სერიოზული ინტერესი ჩვენთან და ჩვენი ტრანზიტის გავლით სომხეთში. ამიტომ, როგორც მოექცნენ ყოველგვარი ნორმების დარღვევით აირზენას რუსეთის ბაზარზე, ასევე შეიძლება ჩვენ მოვექცეთ რუსულ კომპანიებს ქართულ ბაზარზე.“

ამის შესახებ ისაუბრა რონდელის ფონდის უფროსმა მკვლევარმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა გადაცემაში „ფორბსის კვირა გიორგი ისაკაძესთან ერთად“. 2019 წელი, 14 ივლისი.