ფოტო: Shutterstock 

 

სამშაბათს „ბირთვული იარაღის გაუქმების საერთაშორისო კამპანიამ“ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც მასშია აღნიშნული, მსოფლიოში ბირთვული იარაღის მქონე ცხრა სახელმწიფოს მიერ არსენალზე დახარჯული თანხები 2025 წელს თითქმის მეხუთედით გაიზარდა და $119 მილიარდი შეადგინა.

ცნობისთვის, „ბირთვული იარაღის გაუქმების საერთაშორისო კამპანია“ არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციაა, რომელიც წლიური ხარჯების მონიტორინგს 2020 წლიდან ახორციელებს. გასულ წელს ბირთვული იარაღის არსენალზე ხარჯების 19%-ით ზრდა კი მონიტორინგის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ჯგუფი მონიტორინგს უწევს ბირთვული იარაღის მფლობელ ცხრა ქვეყანას: აშშ-ს, რუსეთს, ჩინეთს, საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს, ინდოეთს, პაკისტანს, ჩრდილოეთ კორეასა და ისრაელს.

ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ანგარიშის თანახმად, 2025 წელს აშშ-მა ბირთვული იარაღის არსენალზე $69.2 მილიარდი დახარჯა, რაც ყველა დანარჩენი სახელმწიფოს ჯამურ დანახარჯებს აღემატება. წინა წელთან შედარებით, აშშ-ის დანახარჯის ზრდამ რეკორდული 22% შეადგინა.

ბირთვულ არსენალზე მეორე ყველაზე დიდი ხარჯი ჩინეთმა გასწია. კერძოდ, ანგარიშის თანახმად, 2025 წელს აზიურმა ქვეყანამ $13.5 მილიარდი დახარჯა, რაც წინა წელთან შედარებით 7%-იან ზრდას წარმოადგენს.

საინტერესოა, რომ შარშან ბირთვული არსენალის ხარჯებით დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს გადაასწრო. გაერთიანებული სამეფოს ბირთვული არსენალის ხარჯებმა წინა წელთან შედარებით 17%-ით მეტი, $12.6 მილიარდი შეადგინა. რუსეთის ხარჯები კი ამავე პერიოდში მხოლოდ 6%-ით, $9.5 მილიარდამდე გაიზარდა.
































































# ქვეყანა წლიური ხარჯი (2025) ზრდა წინა წელთან შედარებით
1 აშშ $69.2 მილიარდი 22%
2 ჩინეთი $13.5 მილიარდი 7%
3 დიდი ბრიტანეთი $12.6 მილიარდი 17%
4 რუსეთი $9.5 მილიარდი 6%
5 საფრანგეთი $7.7 მილიარდი 8%
6 ინდოეთი $2.8 მილიარდი 12%
7 პაკისტანი $1.5 მილიარდი 18%
8 ისრაელი $1.2 მილიარდი 2%
9 ჩრდილოეთი კორეა $656 მილიონი 4%