Photo by JESUS ECA on Unsplash

Statista Market Insights-ის მონაცემებით, მსოფლიოში სამკაულების სამი უდიდესი ბაზარია: ჩინეთი, ინდოეთი და აშშ. 2025 წელს ჩინეთმა $119.9 მილიარდის მოცულობის შემოსავალი გამოიმუშავა, ინდოეთმა - $93 მილიარდის, ხოლო ამერიკამ $78.9 მილიარდის. გლობალურად სამკაულების ბაზარმა დაახლოებით $388.9 მილიარდი შეადგინა.

მსოფლიოს ოქროს საბჭოს ანალიზი ოქროს სამკაულების მოთხოვნის მხრივ მსგავს სურათს ხატავს: ინდოეთი პირველია - 430.5 ტონა გასულ წელს, ჩინეთი მეორეა - 360.1 ტონა, ამერიკა კი მესამე - 117.3 ტონა. თუმცა სამივე ქვეყანაში მოთხოვნა 2024 წელთან შედარებით შემცირდა - ძირითადად ოქროზე ფასების ზრდის გამო.

გარკვეულწილად განსხვავებული სურათი ჩნდება მოსახლეობაზე გათვლილი ხარჯების მხრივ. აქ ამერიკა ლიდერობს - ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ $299.51 გასულ წელს, ჩინეთში ეს მაჩვენებელი $83.7-ია, დიდ ბრიტანეთში - $76.98, ინდოეთში კი - $63.96.

საქართველოს სამკაულების ბაზარი გლობალურ კონტექსტში მოკრძალებულია. Statista-ს მონაცემებით, 2025 წელს ქვეყნის მთლიანი შემოსავალი ამ სექტორში $36.69 მილიონს შეადგენდა, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით სულ რაღაც $9.89-ს. აღსანიშნავია, რომ ბაზრის 91% მასობრივი სეგმენტია, ბაზრის წლიური ზრდის ტემპი კი - 5.13%. Statista აღნიშნავს, რომ ქართულ ბაზარზე განსაკუთრებულ როლს თამაშობს ტრადიციული ხელოსნობა და ადგილობრივი ძვირფასი ქვების გამოყენება.