Photo by Matt C on Unsplash

ჟურნალისტიკა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო პროფესიაა. Reporters Without Borders-ის (RSF) მონაცემთა ბაზის თანახმად, 2026 წლის დასაწყისიდან სულ მცირე 12 მედიაპროფესიონალი დაიღუპა პროფესიული საქმიანობის გამო. მათ შორის ხუთი - პალესტინაში, სამი - ლიბანში, ორი - მექსიკაში, თითო-თითო კი უგანდასა და იემენში. ამასთან, 137 ადამიანი ითვლება „გაუჩინარებულად” - ყველაზე მეტი სირიაში (37) და მექსიკაში (28).

ათწლიანი ტენდენცია

ბოლო ათი წლის განმავლობაში დაღუპული ჟურნალისტების რაოდენობა ზოგადად მცირდება. ყველაზე სახიფათო წელი 2013 იყო - 145 გარდაცვალება, RSF-ის აღრიცხვის ისტორიაში მაქსიმუმი 1995 წლიდან. იმ წელს სირია ყველაზე საშიში ქვეყანა იყო 69 გარდაცვალებით, ერაყი - 11-ით, ინდოეთი და ფილიპინები კი 9-ით. 2000 წლიდან მოყოლებული მსოფლიოში სულ 2,067 ჟურნალისტი და მედიამუშაკი დაიღუპა.

ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია Committee to Protect Journalists-ის (CPJ) მონაცემები უფრო დეტალურ სურათს ხატავს. 1992 წლიდან მოყოლებული 1,764 გარდაცვლილი ჟურნალისტიდან უმრავლესობა - 1,588 ადგილობრივი რეპორტიორი იყო,  უცხოელი კორესპონდენტი კი მხოლოდ 176. ყველაზე სახიფათო სფეროები: პოლიტიკა (835 გარდაცვალება), ომი (773), ადამიანის უფლებები (388), კორუფცია (346) და კრიმინალია (305).

2025 წლის ყველაზე საშიში ქვეყნები

RSF-ის მონაცემებით, 2025 წელს, სულ მცირე, 60 მედიაპროფესიონალი დაიღუპა. ყველაზე სახიფათო ადგილი პალესტინის ტერიტორიები იყო - 25 ოფიციალურად დაფიქსირებული გარდაცვალებით. პალესტინა სიის სათავეში 2024 წელსაც იდგა - 21 გარდაცვალებით. ამას მოსდევს მექსიკა 9 გარდაცვალებით, პერუ - 4-ით, ეკვადორი და უკრაინა 3-3-ით, ბანგლადეში, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და სუდანი კი 2-2-ით. კოლუმბიაში, გვატემალაში, ჰონდურასში, ინდოეთში, ნეპალში, ფილიპინებში, საუდის არაბეთში, სიერა-ლეონეში, უზბეკეთსა და ზიმბაბვეში თითო-თითო ჟურნალისტი დაიღუპა. 140 ადამიანი კი „გაუჩინარებულად” ითვლება - ყველაზე მეტი სირიაში (37), მექსიკასა (28) და ერაყში (12).

RSF ხაზს უსვამს, რომ გარდაცვალება მონაცემთა ბაზაში მხოლოდ მაშინ აღირიცხება, როდესაც NGO-ს შეუძლია დაადასტუროს კავშირი ჟურნალისტურ საქმიანობასთან - სწორედ ამიტომ რიცხვები შეიძლება ბევრად მაღალი იყოს.

ჟურნალისტური საქმიანობა საქართველოში

საქართველო გლობალურ სიაში დაღუპული ჟურნალისტების მხრივ არ ფიგურირებს - RSF-ის მონაცემებით, 2026 წლის დასაწყისიდან ქვეყანაში ჟურნალისტი არ დაღუპულა. თუმცა სურათი დადებითი მაინც არ არის. საქართველო RSF-ის 2025 წლის „პრესის თავისუფლების მტრების” სიაშია - ორგანიზაცია პირდაპირ ასახელებს ბიძინა ივანიშვილს, როგორც მედიის დათრგუნვაზე ორიენტირებულ პირს. 2025 წლის განმავლობაში ქვეყანაში პრესის წინააღმდეგ 600 შეტევა დაფიქსირდა - RSF-ის პარტნიორი ორგანიზაცია CMIS-ის მონაცემებით, ეს „უპრეცედენტო” მაჩვენებელია. გარდა ამისა, RSF ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დაპატიმრებას „ავტორიტარული ტაქტიკის” გამოვლენად აფასებს. CPJ კი ცალკე სტატიაში წერს, რომ საქართველოში მედიის გადარჩენის სულ უფრო მცირე გზებს ხედავს.

2021 წლის 5 ივლისს თბილისში, „სირცხვილიას” ოფისში ულტრამემარჯვენე ჯგუფები შეიჭრნენ და მედიის წარმომადგენლებს სასტიკად სცემეს. მძიმედ დაზიანდა TV პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც ოპერაციიდან 6 დღის შემდეგ საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. 2022 წლის იანვარში UNESCO-მ ლაშქარავა მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა, საქართველოდან UNESCO-ს აღნიშნულ სიაში სულ ხუთი ჟურნალისტია.